logo
ENG



"სალამი" სასწრაფო დახმარების ექიმს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

28 ივლ 202122:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/29/vl6b8fy3djbkv33.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია სალამი სასწრაფო დახმარების ექიმს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და საჯარო ბოდიშს მოითხოვს.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი მათი ოფისში მისვლისთანავე გამოირჩეოდა აგრესიულობით და არღვევდა პროფესიულ სტანდარტებს.

ორგანიზაციაში, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს, ამბობენ, რომ ექიმებმა გასინჯვის ოქმი არ დაუტოვეს. ხოლო წასვლისას მათ ერთერთ წევრს შემდეგი რამ უთხრეს „თქვენს ქვეყანაში რომ ჩახვალთ იქ იყავით ასეთი მომთხოვნი ექიმების მიმართ“.

ორგანიზაციის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„28 ივლისს, საღამოს საათებში, თბილისის ცენტრალურ უბანში, პლატფორმა სალამის ოფისში ერთ-ერთი ჩვენი წევრი შეუძლოდ გახდა. მაშინვე, 18:05 საათზე გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. ქვეყანაში არსებული კოვიდრეალობის გათვალისწინებით ერთი საათის და 5 წუთის დაგვიანებით მოვიდა სასწრაფოს დახმარების ბრიგადა (მანქანის ნომერი OO-953-VO), რომელიც მოსვლისთანავე გამოირჩეოდა აგრესიულობითა და არა ეთიკურობით, რითაც უხეშად არღვევდა ექიმის პროფესიულ სტანდარტებს, რაზეც ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა შენიშვნა მისცა ექიმებს.

პაციენტის გასინჯვის დროს, ბრიგადის ერთ-ერთმა წევრმა გვკითხა, თუ საიდან ვიყავით, ჩვენი პასუხი რა თქმა უნდა იყო, რომ ვიყავით საქართველოს მოქალაქეები და მსგავსი შინაარსის კითხვები იყო არასწორი.

ექიმებმა პაციენტის გასინჯვის მიუხედავად, არ დაგვიტოვეს პაციენტის გასინჯვის ოქმი. ამასთანავავე, გარეთ გასვლის შემდეგ, ჩვენს ერთ-ერთ წევრს, რომელიც მათ გარეთ აცილებდა, ერთ-ერთმა ექიმმა განუცხადა: „თქვენს ქვეყანაში რომ ჩახვალთ იქ იყავით ასეთი მომთხოვნი ექიმების მიმართ“.

მაშინ, როცა თბილისის ცენტრალურ უბანში, ქართული ენის სრულყოფილად მცოდნე საქართველოს მოქალაქეებს ასე ესაუბრება და ექცევა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, წარმოგვიდგენია, თუ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის რა მძიმე და აუტანელი რეალობაა.

მოვითხოვთ, აღნიშნულმა ექიმმა საჯაროდ ბოდიში მოიხადოს საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წინაშე ან განთავისუფლებულ იქნას სამსახურიდან", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გადაუდებელი დახმარების ცენტრში ოფიციალური კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. როგორც პრესსამსახურში ფორმულას განუცხადეს, საკითხის შესწავლას შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ.


close დახურვა